ქირურგიის ეროვნული ცენტრი მდიდარი ტრადიციების მქონე სამედიცინო დაწესებულებაა!
მისი წინამორბედი, რომლის ბაზაზეც ცენტრი დღეს არსებობს, საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1946 წელს დაარსდა.
ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი გახლდათ გამოჩენილი მეცნიერი, ქირურგი,საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე . მან გარდაცვალებამდე, სულ ორიოდე წელიწადს უხელმძღვანელა ინსტიტუტს, მაგრამ მოასწრო იგი მყარად დაეყენებინა ფეხზე.
1950 წლიდან ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა არანაკლებ ცნობილი მეცნიერი, ქირურგი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი . სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის ორგანიზება და ფორმირება, უმნიშვნელოვანესი მიღწევები, სამეცნიერო-კვლევითი და სამკურნალო კომპლექსის აშენება.
1948 წელს ინსტიტუტს შეემატა ელექტროფიზიოლოგიის განყოფილება.
1956 წელს ჩამოყალიბდა კიდევ ორი განყოფილება – სამედიცინო რადიოლოგიისა და ონკოლოგიის.
1960 წელს ინსტიტუტში შეიქმნა კიდევ სამი განყოფილება – გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, ფილტვის ქირურგიისა და ფიზიოლოგიის.
1961 წელს ინსტიტუტს შეემატა ბიოქიმიის განყოფილება.
1962 წელს შეიქმნა კოაგულოლოგიის ლაბორატორია.
1965 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ციტოლოგიისა და გენეტიკის ლაბორატორია, რომლისგანაც 1968 წელს შეიქმნა ორი განყოფილება –ციტოლოგიისა და სამედიცინო გენეტიკის, თუმცა ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1970 წლამდე იარსება.
1968 წელს გაიხსნა რენტგენოლოგიის განყოფილება, იმუნოლოგიის განყოფილება და ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია.
1968 წელს შეიქმნა სამედიცინო კიბერნეტიკის ლაბორატორია.
1968 წელს შეიქმნა კარდიოქირურგიის ლაბორატორია.
1969 წელს ინსიტუტში გაიხსნა ანესთეზიოლოგიისა და გაზთა ცვლის ლაბორატორია, რომლისგანაც შემდგომ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის განყოფილება ჩამოყალიბდა.
1972 წელს ორგანოთა კონსერვაციის ლაბორატორია შეიქმნა.
1972 წელს ინსტიტუტს კლინიკური პათფიზიოლოგიის ლაბორატორია შეემატა.
1975 წელს საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გამოეყო ნეიროქირურგიის განყოფილება და ქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შეუერთდა.
ინსტიტუტში დამუშავდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის მკურნალობის ცალკეული მეთოდები, ქსენოღვიძლის ექსტრაკორპორილება, მკერდის ლიმფური სადინრის დრენირება და ღვიძლის არტერიალიზება, გულის კონსერვირება და გადანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.
ექსპერიმენტულად დამუშავდა მიოკარდიუმის რევასკულარიზების ახალი, არაპირდაპირი მეთოდები, გულის ხანგრძლივი კონსერვირების მეთოდები.
შემუშავდა იზოლირებული თირკმლის რეციპიენტთან ჩართვის ექსტრაკორპორული მოდელი, შარდგამომტანი გზების აღდგენის მეთოდები თირკმლის გადანერგვის დროს.
დამუშავდა მართვითი ჰიპოკოაგულემიის ორიგინალური მეთოდი – ავადმყოფთა ჰეპარინიზება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ კუჭის რეზექციის დროს თრომბოჰემორაგიულ გართულებათა პროფილაქტიკის მიზნით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და 1990–იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გამო მოიშალა კლინიკის ინფრასტრუქტურა – კადრები დაიქსაქსა. 2011 წელს, როდესაც ქირურგიის ინსტიტუტი პრაქტიკულად ვეღარ ფუნქციონირებდა, კორპორაცია „ავერსმა“ შეიძინა და მისი აღდგენა–განახლება უსწრაფესი ტემპით დაიწყო. კლინიკა სრულად განახლდა, აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტდა გამოცდილი და მოტივირებული კადრებით, დაემატა მრავალი სხვადასხვა მიმართულება და კვლავ ქართული მედიცინის ფლაგმანად იქცა.
დღეს ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ძიება
წყარო: kirurgia.ge